კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ის დანაპირებს შეასრულებს და ზუგდიდს
„ახალაიების კლანისგან“ გაათავისუფლებს.
ამის შესახებ ირაკლი ალასანიას მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
როგორც მიმართვაშია ნათქვამი, 1 ოქტომბერს ზუგდიდმა მხარი თავისუფლებას, სამართლიანობას და რეალურ ცვლილებებს დაუჭირა.
ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა დამარცხება აღიარა, თუმცა, ახალაიების კლანი დამარცხებას არ ეგუება და უტიფრად არ აღიარებს მარცხს.
„ახალაიების კლანმა ზუგდიდში არჩევნები უხეშად გააყალბა და ჩვენი მომხრეების გამოწვევით საარჩევნო პროცესის ჩაშლას ცდილობდა. ჩემი პირადი გადაწყვეტილებით, ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, „ქართული ოცნების“ მხრდამჭერები და აქტივისტები საარჩევნო უბნებს მაქსიმალურად გავარიდე. როლანდ ახალაიამ ამას „კარუსელებით“ და გაუგონარი ფალსიფიკაციით უპასუხა“ - აცხადებს ალასანია.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მომხრეებს დღესაც ემუქრებიან და თავს ესხმიან.
მისივე თქმით, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი და დამკვეთი ყველა პირი სამართლიანი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს და ზუგდიდში პოლიტიკური კრიმინალი დასრულდება.
„მე დავპირდი ზუგდიდს, რომ ახლაიების კლანს დავასრულებდი და ამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებ. დღეს 15.00 საათზე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ვიკრიბებით, რათა კიდევ ერხელ დავანახოთ ყველას, რომ ზუგდიდი თავისუფლებას და სამართლიანობას ირჩევს და ზუგდიდი ახალაიების მოძალადე კლანს უარს ეუბნება“ - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია დღეს „ქართული ოცნების“ სარჩელს განიხილავს. ალასანიას განცხადებით, წარდგენილი მასალა სრულ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ ოლქში არჩევნები ხელახლა ჩატარდეს.
