უსუფაშვილი - პოლიტიკური რეპრესიები არავის ელის
უსუფაშვილი - პოლიტიკური რეპრესიები არავის ელის
21:53 03.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ ახალი მთავრობის პირობებში  პოლიტიკური რეპრესიები არავის ელის.

როგორც დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ყველა სახელმწიფო უწყების ნორმალურ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა ჯერ კიდევ მოქმედ მთავრობას ეკისრება.

მისი თქმით, ყველა საჯარო მოხელემ თავისი ფუნქციის შესრულება უნდა განაგრძოს.

„არავის არ ელის არანაირი პოლიტიკური რეპრესიები. ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, თანამდებობას დატოვებენ ის პირები, რომლებსაც კონსტიტუცია და კანონები მიანიშნებენ ამისკენ. ყველა სხვა საკადრო ცვლილება კანონით დადგენილი წესით გადაწყდება“ - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, კოალიციისთვის სულ ერთი არაა და ვერ იქნება ის, თუ როგორ ფუნქციონირებენ ახალი მთავრობის შექმნამდე სახელმწიფო უწყებები.

ამასთან, დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ახალი პარლამენტის პირველი სხდომა 20 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მოიწვევს.



ბეჭდვა