სადამკვირვებლო ორგანიზაციები რამდენიმე ოლქში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ
სადამკვირვებლო ორგანიზაციები რამდენიმე ოლქში არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ
17:42 03.10.2012
ქართული და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ზუგდიდისა და ხაშურის ოლქებში არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვენ.

ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის, „ღია დემოკრატიის ინსტიტუტის“ და მოძრაობა „გადაარჩინე სიცოცხლეს“ წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის“ საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ზაზა დავითაიამ აღნიშნა, არჩევნებს ორგანიზაციის 100 დამკვირვებელი აკვირდებოდა, რომელთაც აღნიშნულ ოლქებში ტოტალური და ძალადობრივი მეთოდებით, გაყალბება დააფიქსირეს.

მისი თქმით, გარდა იმისა, რომ საარჩევნო უბნებზე იყო ამომრჩეველზე ბევრად ნაკლები ბიულეტენი, ადგილი ჰქონდა ამომრჩეველზე ზეწოლას, დაშინებას, „კარუსელებს“ და გაყალბების სხვა აპრობირებულ მეთოდებს.

სიაში იყვნენ გარდაცვლილი ადამიანები, ასევე არსებობდა პრობლემები ხმების დათვლასთან დაკავშირებით.

„ღია დემოკრატიის კომიტეტის“ წარმომადგენლის, შოტლანდიელი დამკვირვებლის სტივენ მიტჩელის თქმით, მისი ორგანიზაცია არჩევნებს 10 სხვადასხვა ჯგუფით რამდენიმე ოლქში, მათ შორის ზუგდიდში აკვირდებოდა.

საარჩევნო დარღვევების ფაქტებზე ისაუბრა, ასევე ამავე ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კანადელმა დამკვირვებლმა ანდრეი დორიჩენკომ.

„აღმოვაჩინე, რომ ხშირად ხმას აძლევდნენ გარდაცვლილი ადამიანების და საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სახელით“-განაცხადა მან და დასძინა, რომ უბნებზე, ასევე, დაფიქსირდა სხვის ნაცვლად ხმის მიცემის ფაქტები.

დორიჩენკო ხაშურში მომხდარი მოვლენებით გაოცებულია და აცხადებს, რომ ის რაც ხაშურში ნახა სხვაგან არასოდეს უნახავს.

მან იმედი გამოთქვა, რომ ხაშურის საარჩევნო უბნებზე ხმების თავიდან გადათვლა მოხდება.

ორგანიზაცია „გადაარჩინე სიცოცხლის“ ხელმძღვანელის იური ვაზაგაშვილის თქმით, მიუხედავად უამრავი დარღვევისა და გაყალბებისა, არჩევნები შედგა.

დღესვე, ვაზაგაშვილმა, სამოქალაქო საზოგადოების სახელით, საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, ერთხელ მაინც გადადგას გონივრული ნაბიჯი და დატოვოს თანამდებობა, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

ბეჭდვა