ზურაბ ხარატიშვილი - ხელის შეშლის მცდელობა მნიშვნელოვნად აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას
ზურაბ ხარატიშვილი - ხელის შეშლის მცდელობა მნიშვნელოვნად აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას
16:41 03.10.2012
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი პარტიულ აქტივისტებს მოუწოდებს, საარჩევნო  ადმინისტრაციას კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაში ხელი არ შუშალონ.

ამის შესახებ მან ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს გარკვეული შეფერხება აქვთ საქმიანობაში, რაც, მისი თქმით, იმითაა გამოწვეული, რომ ზოგიერთი პარტიის აქტივისტები დაჟინებით მოითხოვენ მათგან გარკვეული გადაწყვეტილებების მიღებას.

ხარატიშვილის განცხადებით, ყველაზე მძიმე შემთხვევა დაფიქსირდა წუხელ, თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც კომისიას ღამის 02:00 საათზე მიღებული გადაწყვეტილება ზეწოლის შდეგად შეაცვლევინეს.

მისი ინფორმაციით, საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იყო მუქარა და ამას სამართლებრივი შეფასება მიეცემა.

ამასთან, როგორც ხარატიშვილმა აღნიშნა, ზეწოლის შემთხვევები ფიქსირდება თერჯოლაშიც.

„ასევე, დიდი ზეწოლაა გუშინდელის შემდეგ და დღესაც გრძელდება თერჯოლის საარჩევნო კომისიაზე. მათ შორის, ფსიქოლოგიური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ვფიქრობ, რომ ეს არის ყოვლად დაუშვებელი. შედარებით ნაკლები სიმწვავის, მაგრამ მაინც პრობლემები აქვთ ამბროლაურის, მარტვილის, ლაგოდეხის, მარნეულის, სულ, 19-მდე საუბნო საარჩევნო კომისიას” - განაცხადა ხარატიშვილმა.

მან ყველა საარჩევნო სუბიექტსა და დაინტერესებულ პირს მიმართა და აღნიშნა, რომ როცა მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას აქვს ადგილი, იქ ხარვეზების გამორიცხვა შეუძლებელია.

ამასთან, ხარატიშვილმა პირობა დადო, რომ ყველა დარღვევაზე ადეკვატური და სწრაფი რეაგირება იქნება.

”ხელის შეშლის მცდელობა მნიშვნელოვნად აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, რადგან ახლა მიდის ამ შედეგების ოფიციალური შეჯამება. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით პარტიულ აქტივისტებს, ხელი არ შუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციას კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებაში, რამაც უნდა უზრუნველყოს საბოლოო შდეგების ფორმირება” - განაცხადა ხარატიშვილმა.

ბეჭდვა