საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ცესკო უკვე დატოვეს. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარესთან ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრის შემდეგ
საფრანგეთის ელჩმა საქართველოში რენე სალენსმა განაცხადა, ყველა მხარემ ცენტრალურ საარჩვენო კომისიას საშუალება უნდა მისცეს, საქმე ბოლომდე მიიყვანოს.
მისივე თქმით, შეუთანხმებლობის არსებობის შემთხვევაში, ეს პრობლემა ლეგალური გზებით უნდა მოგვარდეს.
„მოვედით მას შემდეგ, რაც გავიგეთ, რომ გარკვეულ ზეწოლას აქვს ადგილი იმ უბნებში, სადაც ხმების დათვლის პროცესი გრძელდება. მთავარი მესიჯი მარტივია - ყველა ქართველმა უნდა გაიგოს, რომ ცესკომ თავისი საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს და მას ამის საშუალება უნდა მისცენ. თუ არსებობს რაიმე შეუთანხმებლობა შედეგებთან დაკავშირებით, ამისთვის არსებობს ლეგალური გზები” - განაცხადა რენე სალენსმა.
ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ცესკო-ს უნდა ჰქონდეს საშუალება მშვიდ გარემოში გააგრძელოს მუშაობა.
„ჩვენი მესიჯია - იყავით მშვიდად. მიეცით საშუალება ინსტიტუციებს გააკეთონ თავისი საქმე მშვიდად”- განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.
