ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ურთიერთობებში დრამატულ ცვლილებებს არ ელოდება.
ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა რიჩარდ
ნორლანდმა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვდრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობების მნიშვნელოვან ასპექტებსა და ხელისუფლების „ნორმალურად გადაცემის პროცესზე“ ისაუბრეს.
„აშშ-საქართველოს ურთიერთობა განვითარდება და ჩვენ არ ველოდებით რაიმე დრამატულ ცვლილებებს. მე მქონდა შესაძლებლობა ამაზე ბატონ ივანიშვილთანაც მესაუბრა“-განაცხადა ნორლანდმა.
მისი თქმით, საარჩევნო პროცესი გრძელდება და საბოლოო შედეგების დათვლა მიმდინარეობს, რასაც ყველა ყურადღებით აკვირდება.
როგორც ელჩმა აღნიშნა მან იცის, რომ ცალკეულ რეგიონებში მცირე ღელვაა ხმის დათვლის პროცესთან დაკავშირებით, რასაც დამკვირვებლებიც ადევნებენ თვალს და იმედი გამოთქვა, რომ ბიულეტენების დათვლის ეს პროცესიც ნორმალურად წარიმართება.
ელჩმა წარმატება უსურვა მოქალაქეებს და განაცხადა, რომ აშშ ადასტურებს თავის მზადყოფნას მჭიდროდ ითანამშრომლოს საქართველოსთან.
