„საქართველოს გზა“ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს
„საქართველოს გზა“ „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს
14:37 03.10.2012
პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“ ქართველ ხალხს, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს ბიძინა ივანიშვილს გამარჯვებას ულოცავს.

როგორც „საქართველოს გზის“ განცხადებაშია ნათქვამი, პარტია ქვეყანაში მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატიული მმართველობის დასასრულებლად დაარსების დღიდან იბრძვის.

განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა სწორად დაგეგმილი სტრატეგიით და ხალხის ნდობით საქართველოს დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება შეძლო, საიდანაც სააკაშვილმა დიდი ხნის წინ გადაუხვია.

„სრულიად საქართველოს სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. პირველ რიგში საჭიროა, ცესკო-მ ოლქებში არჩევნების შედეგები დროულად დათვალოს და მანიპულაციების მცდელობაზე უარი თქვას“ - ნათქვამია განცხადებაში.

„საქართველოს გზის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ უახლოეს დღეებში, საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე არანაკლებ რთული ეტაპი იწყება, ვიდრე ეს არჩევნების მოგება იყო.

„დარწმუნებულნი ვართ, ახალი უმრავლესობა ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველო ნამდვილად თანამედროვე, ჭეშმარიტად ევროპულ და ღირსეულად ქართულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს“ - აცხადებენ პარტიის წარმომადგენლები.

„საქართველოს გზა“ ახალ უმრავლესობას წარმატებას უსურვებს.

ბეჭდვა