საქართველოს პრეზიდენტის პოსტიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომა „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისა და კოალიციის მოთხოვნა არ არის. ამის შესახებ ივანიშვილმა განაცხადა.
„ჩემს მიერ გუშინ პრესკონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრება პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, არ არის არც ჩემი და არც კოალიციის პოლიტიკური მოთხოვნა. მე მხოლოდ იმას გავუსვი ხაზი, რომ ერთი პირის ინტერესებზე მორგებული საქართველოს კონსტიტუცია შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში საკმაოდ ბევრ სირთულეს ქმნის და ამ ვითარებაში შესაძლოა, თანამდებობიდან გადადგომა იყოს პრეზიდენტისთვის საუკეთესო გამოსავალი“ - განმარტა ივანიშვილმა.
იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კოალიცია არ აყენებს არანაირ პოლიტიკურ ულტიმატუმს და ქვეყნის საკეთილდღეოდ მზადაა საქართველოს პრეზიდენტთან და მოქმედი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან დიალოგისა და სამუშაო ვითარებაში სახელმწიფოებრივი საკითხების მოსაგვარებლად.
