კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც უფლებამოსილია კოალიციის სახელით აწარმოოს კონსულტაციები მოქმედ პრეზიდენტთან და მთავრობასთან.
როგორც კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, კოალიცია „ქართული ოცნება” შეუდგა ქართველი ხალხის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა უზრუნველვყოთ კონსტიტუციური წესრიგი და სახელმწიფო ორგანოების შეუფერხებელი მუშაობა ხელისუფლების შეცვლის პროცესში. ამასთან, ახალი მთავრობის ფორმირებამდე, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სახელმწიფო უწყებების გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მოქმედ მთავრობას“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისი განმარტებით, აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია გარდაუვალს ხდის ახალ საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციის წარმომადგენელ პრეზიდენტს შორის ურთიერთობებს. საჭიროა, მრავალი საკითხის მოგვარება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევქმენით კოალიციის წარმომადგენელთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფლებამოსილია კოალიციის სახელით აწარმოოს კონსულტაციები მოქმედ პრეზიდენტთან და მთავრობასთან.
„მე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტთან“ - განაცხადა ივანიშვილმა.
