გამყრელიძემ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გამყრელიძემ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
13:19 03.10.2012
პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ყოფილმა თავმჯდომარემ დავით გამყრელიძემ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

როგორც დავით გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა.

„მინდა მივულოცო „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება. ვისურვებდი, რომ მას ის უზარმაზარი ნდობა გაემართლებინოს, რომელიც მოსახლეობისგან მიიღო. იმედი მაქვს, რომ თავისუფალი სასამართლოს, მედიის და ბიზნესის შესახებ დანაპირები შესრულდება“ - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, რაც მთავარია, შესრულდება ის დანაპირები, რომ ნატო-სკენ საქართველოს მიერ აღებული კურსი არ შეიცვლება.

გამყრელიძე იმედოვნებს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ქვეყნის წინსვლის მომსწრე გახდება.

„მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, რომ საქართველოს ხელისუფლება არჩევნების გზით პირველად შეიცვალა. იმედი მაქვს, რომ მომავალში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდება“-განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებში „ახალი მემარჯვენეების“ შედეგს, გამყრელიძის თქმით, აღნიშნულ არჩევნებზე როგორც ჩანს, კონსტრუქციული, ზომიერი პოლიტიკის ადგილი არ იყო.

მისი თქმით, ორ პოლუსს შორის სერიოზული პოლარიზაცია მოხდა და საზოგადოებაში ძალიან მცირე ნაწილი დარჩა, რომელმაც აქცენტი „მემარჯვენეებისა“ და მსგავსი ტიპის პოლიტიკაზე გააკეთა.

ამასთან, დავით გამყრელიძემ არ დააკონკრეტა სად გააგრძელებს მომავალში საქმიანობას, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ ეს მისი სამქიანობის სფერო პოლიტიკა ნამდვილად არ იქნება.

ბეჭდვა