პარტია „ახალი მემაჯვენეების“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე დავით გამყრელიძე ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამარჯვებას სხვას მიულოცავდა და ოპოზიციაში გადავიდოდა.
როგორც დავით გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ის რვა წლის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მწვავე ოპონენტი იყო, რადგან მიაჩნდა, რომ პრეზიდენტი არასწორი ნაბიჯებით მოქმედებდა და ბევრი შეცდომა დაუშვა.
„გუშინ მისი ეს ნაბიჯი ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული იყო - როგორც მისთვის, ასევე ქვეყნისთვის. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სააკაშვილის იმ გამოსვლას ვნახავდი, როცა ის გამარჯვებას სხვას მიულოცავდა და ოპოზიციაში ღიად გადავიდოდა“ - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება, რომ ოპოზიციური გავლენა შეინარჩუნოს, რათა ქვეყანაში ისევ ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა არ იყოს.
„მინდა, რომ სააკაშვილმა და ნაცმოძრაობამ ეს სახე შეინარჩუნოს. ვისურვებდი, რომ ისე არ მოხდეს, „ნაცმოძრაობიდან“ მთელი სადეპუტატო კორსპუსი უცებ „ქართულ ოცნებაში“ აღმოჩნდეს“-განაცხადა გამყრელიძემ და დასძინა, რომ მისი სურვილია კონკურენციისთვის საქართველოში ორპარტიული პარლამენტი მაინც იყოს.
თავად დავით გამყრელიძე „მემარჯვენეების“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა და აქტიური პოლიტიკიდან წავიდა.
