დავით ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგებს აღიარებს
დავით ბაქრაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნების შედეგებს აღიარებს
12:42 03.10.2012
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აღიარებს და საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ოპოზიციის რანგში განაგრძობს.

ამის შესახებ პარტიის სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ საკუთარ გუნდთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბაქრაძემ საპარლამენტო არჩევნები ქართული სახელმწიფოსთვის სერიოზულ გამოცდად შეაფასა, რომელიც საქართველომ ღირსეულად ჩააბარა. მან არჩევნებზე გამოჩენილი ორგანიზებულობისა და ღირსებისთვის ხალხს მადლობა გადაუხადა.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, არჩევნების შედეგები ცხადყოფს, რომ ამომრჩევლის უმრავლესობის მხარდაჭერა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ის ძალაა, რომელიც ხალხის არჩევანს პატივს სცემს.

„ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს, შევდივართ პარლამენტში, სადაც ვიმუშავებთ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია. ამას მოითხოვს საქართველოს სახელმწიფო ინტერესი, ქართული დემოკრატია და ეს არის ქართველი ხალხის ნება“-განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, არჩევნებმა გამოაჩინა, რომ ქართული სახელმწიფო შედგა, დემოკრატიის გაძლიერებისთვის ბრძოლას კი „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციიდან გააგრძელებს.

მისივე თქმით, მისი პარტია შექმნის პრეცედენტს, რათა მომავალში ყველა პოლიტიკური ძალა არჩევნების შედეგებს დაემორჩილოს.

„ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც ქართული სახელმწიფო ქაოსიდან, სიბნელიდან და არაფრიდან შექმნა, ძალა, რომელიც ყველას დემოკრატიული გადასვლის და ქცევის მაგალითს აძლევს“-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ბეჭდვა