საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი ქართველი ხალხის და კონსტიტუციის უპატივცემულობაა
- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა დავით ბაქრაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ბაქარაძემ იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულის შესახებ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი განცხადება დარჩება მხოლოდ განცხადებად და „პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობით გამოწვეულ ემოციად“.
„დღევანდელი კონსტიტუციით ყველა მექანიზმი არსებობს იმისთვის, რომ პრეზიდენტმა და ჩვენ, უკვე როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. გუშინ ბატონმა ივანიშვილმა თქვა, რომ ის საქართველოს კონსტიტუციაში ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, რაც ძალიან სამწუხაროა“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციით არაფერი არ უშლის ხელს მიხეილ სააკაშვილს ვანო მერაბიშვილის მთავრობის წარსადგენად, რასაც ახალი პარლამენტი არ დაამტკიცებს და რასაც პოლიტიკური კრიზისი მოჰყვება, 6 თვეში კი, რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
„ამას არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს, ქართულ სახელმწიფოს და დემოკრატიას. ველოდებით, რომ ჩვენი ოპონენტებიც ელემენტარულ პატივისცემას გამოიჩენენ ქართული სახელმწიფოს და კონსტიტუციის მიმართ“ - განაცხადა მან.
