ჰილარი კლინტონი - აშშ მოუთმენლად ელის საქართველოს ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან მუშაობის დაწყებას
ჰილარი კლინტონი - აშშ მოუთმენლად ელის საქართველოს ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან მუშაობის დაწყებას
12:33 03.10.2012
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ისტორიული იყო ყველა ქართველისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.

ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადებაშია ნათქვამი, რომელშიც ის საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მშვიდობიან და აქტიურ მონაწილეობას ულოცავს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის სადამკვირვებლო მისიის შეფასებას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა საარჩევნო ყუთებთან თავისუფლად გამოხატეს საკუთარი ნება.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვით დაითვალოს არჩევნების შედეგები და განიხილოს საჩივრები“ - ნათქვამია განცხადებაში.

კლინტონის თქმით, აშშ ხელს შეუწყობს ყველა მხარეს, რათა ახალ პარლამენტში მუშაობა კონსტრუქციული იყოს ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მისაღწევად.

„ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს ახალ პარლამენტთან მუშაობის დაწყებას, ისევე როგორც მინისტრთა კაბინეტთან და პრეზიდენტთან, რათა ქართველი ხალხისთვის უფრო ნათელი მომავალი შევქმნათ“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ბეჭდვა