საარჩევნო უბნების 97%-ზე მიღებული შედეგების მიხედვით, 38 მაჟორიტარულ ოლქში კოალიცია „ქართული ოცნება” ლიდერობს, „ნაციონალური მოძრაობა” კი - 35 მაჟორიტარულ ოლქში იმარჯვებს.
გვიან ღამემდე ცნობილი არ იყო ასპინძის მაჟორიტარული ოლქის მონაცემები. ამჟამად, აღნიშნულ რაიონში „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე ხმათა 75,57%-ით ლიდერობს, „ქართული ოცნების” კანდიდატს თემურ მასიურაძეს კი - ხმათა 21,67% აქვს.
ამასთან, კახეთის 5 მაჟორიტარულ ოლქში - გურჯაანში, სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და ყვარელში „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებმა გაიმარჯვეს, საგარეჯოში, თელავსა და ახმეტაში კი - „ქართული ოცნების”.
ქვემო ქართლის 6 მაჟორიტარულ ოლქში - გარდაბანში, მარნეულში, ბოლნისში, დმანისში, წალკასა და თეთრიწყაროში „ნაციონალური მოძრაობა” იმარჯვებს, 1 მანდატი კი - რუსთავში „ქართულ ოცნებას” აქვს.
მცხეთა-მთიანეთის ოთხივე ოლქში - თიანეთში, მცხეთაში, დუშეთსა და ყაზბეგში „ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ.
სამეგრელოს რეგიონში „ნაციონალური მოძრაობას” 7 მანდატი აქვს, 1 - კი „ქართულ ოცნებას” ფოთში.
ამასთან, თბილისის ათივე ოლქში „ქართული ოცნება” იმარჯვებს.
რაც შეეხება პროპორციულ სიას, ბლოკმა „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ მიიღო ხმების 55% მიიღო, რაც 1 154 533 ამომრჩეველს შეადგენს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“ 40,27%-ის ნდობა მოიპოვა, რაც 845 169 ამომრჩეველია.
„გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატიულ გაერთიანებას“ ამ დროისთვის მიღებული აქვს ხმათა 2.04%, ხოლო „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტულ პარტიას“ - 1,24%.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის 3 590 საარჩევნო უბნის მონაცემები დათვალა და ამომრჩეველთა 97%-ის მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგები გამოაქვეყნა.
აღნიშნულ უბნებზე ელექტორატის რაოდენობა 3 520 078 მოქალაქეს შეადგენს.
