კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის“ თანათავმჯდომარე მაია ხარაძე კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
მაია ხარაძის განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც მოსალოდნელი იყო საპარლამენტო არჩევნებზე „მოსახლეობამ თავისი არჩევანით „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპარტიული დიქტატი დაასრულა“ და „ქართული ოცნებისთვის“ ნდობის გამოცხადებით ქვეყანაში დემოკრატიულ ცვლილებებს დაუჭირა მხარი.
„მინდა „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მივულოცო და ისეთი რეფორმების გატარება ვუსურვო, რომლის შედეგადაც საქართველო სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება“ - აცხადებს ხარაძე.
ამასთან, ის იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება“ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურად ითანამშრომლებს.
