ბოკერია - მინდა ივანიშვილს შევახსენო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელსაა
ბოკერია - მინდა ივანიშვილს შევახსენო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელსაა
22:08 02.10.2012
უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს ახსენებს,  რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელს უნდა ჩატარდეს.

როგორც ბოკერიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, იგი იმედოვნებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებიც ისეთივე თავისუფლად ჩატარდება, როგორც განვლილი საპარლამენტო არჩევნები.

„რაც შეეხება პრეზიდენტის გადადგომის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, მინდა ყველას და ბიძინა ივანიშვილს შევახსენო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები 2013 წელსაა“ - აღნიშნა ბოკერიამ.

მისი თქმით, გასაგებია, რომ ვიღაცას კონსტიტუცია არ მოსწონს და მოდელთან დაკავშირებით ბევრ კითხვას სვამს, მაგრამ სწორედ აღნიშნული კონსტიტუციით აირჩიეს პარლამენტი, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა.

„პირველად საქართველოს ისტორიაში მმართველი გუნდის დამარცხება მოახერხეს. ამიტომ, შემდეგ არჩევნებსაც დაელოდონ, როდესაც ქართველი ხალხის ნება გაირკვევა. მანამდე მთავრობის დაკომპლექტება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მოხდება“ - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, ახალი პარლამენტის დაკომპლექტების პროცესს ყველამ პატივი უნდა სცეს, რადგან აქ ქართველი ხალხის ნებაზეა საუბარი და არა კონკრეტულ პიროვნებებზე.

ბეჭდვა