უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკაში საპარლამენტო ოპოზიციის სახით დარჩება.
როგორც ბოკერიამ ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ეთერში განაცხადა, მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ არჩევნების გზით საპარლამენტო უმრავლესობაში ახალი პოლიტიკური პარტია მოვიდა.
მისი თქმით, საქართველოში გადაწყვეტილებები ამომრჩეველთა უმრავლესობით მიიღება, რომელიც აღნიშნულ არჩევნებზეც დაფიქსირდა.
„რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა. არჩევნების გზით ჯერ საპარლამენტო უმრავლესობაში ახალი პოლიტიკური ძალია მოვიდა და შემდეგ მთავრობის ჩამოყალიბება მოხდება. როგორც პოლიტიკოსი - ამ შედეგით უკმაყოფილო ვარ“ - განაცხადა ბოკერიამ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ანალიზის გაკეთება ნაადრევია, თუმცა, მნიშვნელოვანია თუ როგორ დააკომპლექტებს ახალი პოლიტიკური ძალა მთავრობას.
„ჩვენ, ნაციონალური მოძრაობა“ რა თქმა უნდა, დავრჩებით პოლიტიკაში ჯერ როგორც საპარლამენტო ოპოზიცია და იმ ღირებულებებს და პრინციპებს დავიცავთ, რისთვისაც მთელი ამ წლების განმავლობაში ვიბრძოდით და რომელიც ჩვენი აზრით ქვეყნის სუვერენიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია“ - განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ მისთვის ძალიან მიუღებელია ის პრინციპები, რომლებსაც „გამარჯვებული კოალიცია ქადაგებს“.
ამასთან, ბოკერიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველთა დაახლოებით 40%-ს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
