„დემოკრატიული მოძრაობა“ ცესკო-ს არჩევნების რეალური შედეგების უმოკლეს ვადაში გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს
„დემოკრატიული მოძრაობა“ ცესკო-ს არჩევნების რეალური შედეგების უმოკლეს ვადაში გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს
21:14 02.10.2012
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და მის ხელმძღვანელს ზურაბ ხარატიშვილს საპარლამენტო არჩევნების რეალური შედეგების უმოკლეს ვადაში გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს.

როგორც „დემოკრატიული მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი, ცესკო-ს მიერ არჩევნების წინასწარი მონაცემების უპრეცედენტოდ გაჭიანურებულმა გამოცხადებამ საზოგადოებაში მონაცემთა ფალსიფიცირების მცდელობის საფუძვლიანი ეჭვი გააჩინა.

„დემოკრატიული მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის ბოლო განცხადების პარალელურად, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პროცენტული სხვაობის შესამცირებლად, ხელისუფლება კვლავ ყველა ხერხს მიმართავს, რაც გამარჯვებულ პოლიტიკურ კოალიციას ქვეყნისთვის აუცილებელი ცვლილებების გატარებაში ხელს შეუშლის“ - ნათქვამია განცხადებაში.

„დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მათივე თქმით, საქართველოს მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ რეალურად, გაცილებით მეტი მხარდაჭერა მოიპოვა, ვიდრე ცესკო-ს წინასწარი მონაცემები აჩვენებს.

„დემოკრატიული მოძრაობა“ ცესკო-სა და მის ხელმძღვანელს მოუწოდებს, არ შეასრულოს ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთა და არჩევნების რეალური შედეგები უმოკლეს ვადაში გამოაქვეყნოს.

ბეჭდვა