ვახტანგ ხმალაძე - პარლამენტი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 20 დღის ვადაში უნდა შეიკრიბოს
ვახტანგ ხმალაძე - პარლამენტი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 20 დღის ვადაში უნდა შეიკრიბოს
20:57 02.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს,  რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან მთავრობა გადამდგარად ითვლება.

როგორც ხმალაძე განმარტავს, ცესკო-ს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 20 დღის ვადაში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს. პარლამენტის შეკრების დღეს კი, პრეზიდენტი ნიშნავს.

ხმალაძის განცხადებით, როგორც კი პარლამენტი თავის წევრთა უფლებამოსილებას ცნობს, იმ მომენტიდან მთავრობა უნდა გადადგეს. ამ დღიდან 7 დღის ვადაში პრეზიდენტმა პარლამენტს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა წარუგინოს.

„ამ შემთხვევაში მოვლენათა განვითარების ორი შესაძლო სცენარია. პირველ შემთხვევაში - პრეზიდენტი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას საპარლამენტო უმრავლესობას, პარლამენტს მთავრობის ისეთ შემადგენლობას წარუდგენს როგორიც მას უნდა, პარლამენტი მას ნდობას არ გამოუცხადებს. მაშინ ის მთავრობას დანიშნავს და ვიღებთ იმ შემთხვევას, რასაც საპარლამენტო უმცირესობის მთავრობა ჰქვია“ - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე განმარტებით, მსგავს შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა იქნება ოპოზიცია და უმცირესობას თავისი მთავრობა ეყოლება. ეს კი, პოლიტიკურ კონფრონტაციას გამოიწვევს, რადგან მსგავსი მთავრობა და უმრავლესობა ვერ ითანამშრომლებენ.

„მეორე შემთხვევაში - პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობასთან თანამშრომლობას იწყებს და მათ მთავრობის იმ შემადგენლობას წარუდგენს, რომელიც უმრავლესობას სურს“ - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

მისივე თქმით, შემადგენლობას პარლამენტი ნდობას უცხადებს, იწყებს საქმიანობას და ამ შემთხვევაში, პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას განერიდება.

დღეს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ახალ მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობა დანიშნავს, ის კი, როგორ პრეზიდენტი, ყველანაირად შეუწყობს ხელს პარლამენტის მუშაობის პროცესის დაწყებას.

ბეჭდვა