კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, კოალიციის საარჩევნო სიის პირველი ნომერი კახა კალაძე
ახალი პარლამენტის თავმჯდომარე არ იქნება.
როგორც ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე რთულია თქმა, თუ ვინ იქნება წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პოსტზე, ვინაიდან გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
ამასთან, ივანიშვილი აცხადებს, რომ ის თანახმაა, პარლამენტის სხდომები დროებით ქუთაისში ჩატარდეს, რადგან ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.
კოალიციის ლიდერი აცხადებს, რომ სააკაშვილს იმდენად აკვიატებულ იდეად ჰქონდა პარლამენტის ქუთაისში გადატანა, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს ძველი შენობა შიგნიდან დააზიანა, რათა იქ სხდომების ჩატარება შეუძლებელი იყოს.
„ის სულ გარბის თბილისიდან, რადგან დედაქალაქის მოსახლეობამ მალევე შეიცნო. მგონია, პარლამენტის ქუთაისში გადატანის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა“- აღნიშნა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერი ასევე აცხადებს, რომ ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე ფიქრს ხვალიდან დაიწყებს.
გარდა ამისა, ივანიშვილის თქმით, მისი გაპრემიერების შემდეგ ეს პოსტი „საპენსიო“ თანამდებობა აღარ იქნება.
„საქართველოში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა სააკაშვილმა გახადა საპენსიო, თორემ ევროპის ქვეყნებში ასე არ არის. საპენსიო მე დავარქვი, რადგან თუ ვინმეს მოხსნიან, იმის გამო რომ არ გაანაწყენონ, ამ ადგილზე გადაჰყავთ" -აღნიშნა ივანიშვილმა.
