სტუდენტებმა ზურაბ ხარატიშვილს შეკითხვებით მიმართეს
სტუდენტებმა ზურაბ ხარატიშვილს შეკითხვებით მიმართეს
18:40 02.10.2012
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი სტუდენტებს შეხვდა.

სტუდენტებმა ცესკო-ს ხარატიშვილთან შეხვედრის თხოვნით მიმართეს, რის შემდეგაც ისინი შენობაში შეუშვეს.

სტუდენტები ხმების დათვლის პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ და ხარატიშვილს კითხვები დაუსვეს. ისინი ასევე დაინტერსდნენ, გაითვალისწინებდა თუ არა ცესკო ხმების დათვლის პროცესში საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს და რამდენ ხანში დაიდებოდა არჩევნების საბოლოო მონაცემები.

ხარატიშვილმა მათ განუმარტა, რომ ხმების დათვლის პროცესი სრულიად გამჭვირვალეა, ხოლო დარღვევებთან დაკავშირებით, კომისიაში შესულ საჩივრებს ცესკო განიხილავს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

მისივე თქმით, დღეს საღამომდე, სავარუდოდ, არჩევნების შედეგების 95% გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო შედეგები 18 ოქტომბერს დაიდება.

„გვინდოდა ხმების დათვლის შესახებ ინფორმაცია გაგვეგო და მიგვეწოდებინა საზოგადოებისთვის. ნებისმიერ ქვეყანაში ხმებს ითვლიან ბევრად ნაკლებ დროში, აქ კი პროცესი გაჭიანურებულია, რაც ეჭვებს იწვევს”- განუცხადა ჟურნალისტებს თსუ-ს სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ.

ამასთან, ამ დრომდე ცესკო-ს შენობასთან რჩებიან „ქართული ოცნების” მხარდამჭერები. მათ ცოტა ხნის წინ, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მიმართა და შეკრებილებს ამ დროისთვის არსებული შედეგები გააცნო.

ბეჭდვა