"ბანკი ქართუს" ფასიანი ქაღალდების განყოფილების უფროსს ზვიად ხუხუნაშვილს თანამდებობა არ დაუტოვებია.
ამის შესახებ "ბანკი ქართუს" გენერალურმა დირექტორმა ნოდარ ჯავახიშვილმა "ნიუსპრესს" განუცხადა.
იგი განმარტავს, რომ ამ დრომდე ხუხუნაშვილს თანამდებობიდან წასვლაზე განცხადება არ დაუწერია.
"თუმცა მან დაწერა განცხადება, სადაც ჩარიცხული პრემიის უკან დაბრუნება მოითხოვა და მისი ეს თხოვნა დაკმაყოფილდა", - განმარტა ჯავახიშვილმა.
ნოდარ ჯავხიშვილი ბანკის თანამშრომლებისთვის პრემიების ჩარიცხვაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.
მისი თქმით, თავად მას თებერვალში წლიური ბონუსის სახით 100 ათას ლარზე მეტი ჩაერიცხა და ეს თანხა საკუთარი სურვილისამებრ მოიხმარა.
"სამწუხაროდ, ხელისუფლებამ არ მოგვცა საშუალება, დანარჩენი ბანკებივით გვემუშავა. ჩვენ არაჩვეულებრივ სიტუაციაში გვიწევს მუშაობა. ამიტომ, ჩვენმა დამფუძნებელმა გადაწყვიტა ბანკის ხელმძღვანელი მუშაკები მძიმე პირობებში მუშაობის გამო დაეჯილდოვებინა და ამაში გასაკვირი არაფერია", - აღნიშნა ჯავახიშვილმა "ნიუსპრესთან" საუბარში.
ნოდარ ჯავახიშვილმა გამორიცხა, ეჭვი იმის თაობაზე, რომ პრემიების ჩარიცხვა რაიმე სახით პოლიტიკურ მაქინაციას უკავშირდება.
მისი თქმით, ბანკის ყველა თანამშრომელს უფლება აქვს მიღებული პრემია სურვილისამებრ გამოიყენოს და რაიმე სახის პოლიტიკური შემოწირულობის გაკეთებას მათ არავინ სთხოვს.
ინფორმაცია "ბანკი ქართუს" თანამშრომლის ზვიად ხუხუნაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ დღეს გავრცელდა.
ხუხუნაშვილმა აღნიშნა, რომ მას ბანკისგან პრემია ჩაერიცხა, რის შემდეგაც თანხის "ქართული ოცნებისთვის" გადარიცხვა მოსთხოვეს. ამაზე მან უარი განაცხადა, რადგან პოლიტიკასთან რაიმე კავშირი არ სურს.
