ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი სტრატეგია ნატო-ა და ამას არ შევცვლით
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენი სტრატეგია ნატო-ა და ამას არ შევცვლით
17:27 02.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ევროპა და ნატო ქართველი ხალხის არჩევანია და ის ამ არჩევანის შეცვლას არ აპირებს.

მიუხედავად ამისა, ივანიშვილი აცხადებს, რომ მას კარგი ურთიერთობები სურს მეზობელ სახელმწიფოებთან და დარწმუნებულია, რომ ეს ორი მიმართულება ერთმანეთს ხელს არ უშლის.

როგორც ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, მას ესმის წინააღმდეგობა, რომელიც ნატო-სა და რუსეთის არათანმხვედრ ინტერესებს ეხება, თუმცა, მიაჩნია, რომ ამ საკითხების დაბალანსება სწორი დიპლომატიის გზით შესაძლებელია.

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, რუსეთის კატეგორიული დამოკიდებულება საქართველოს ნატო-სკენ სწრაფვასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოიწვია.

ივანიშვილის განმარტებით, ერთი მხრივ, გასაგებია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთისთვის გეოპოლიტიკურად მისაღები არ არის, თუმცა, იგი არ ფიქრობს, რომ ეს პრინციპული საკითხია.

„სწორი დიპლომატიით შეიძლება დაარწმუნო რუსეთი, რომ ნატო მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს“ - განაცხადა ივანიშვილმა და ამის მაგალითად ბალტიისპირეთის ქვეყნები მოიყვანა.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, თავად ნატო-ს ქვეყნები რუსეთთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ცდილობენ.

ბეჭდვა