ამერიკელი კონგრესმენები იმედოვნებენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონე პარტიები გამოწვევებს ერთად გაუმკლავდებიან
ამერიკელი კონგრესმენები იმედოვნებენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონე პარტიები გამოწვევებს ერთად გაუმკლავდებიან
16:39 02.10.2012
ამერიკელი კონგრესმენები იმედოვნებენ, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონე პარტიები ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ერთად გაუმკლავდებიან.

როგორც კონგრესმენმა დევიდ დრეიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის საქართველოში არაერთხელ ყოფილა. ამიტომ, მისთვის აშკარაა ის პროგრესი, რაც ბოლო წლებში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს განხორციელდა.

მისი თქმით, დაახლოებით ერთი საათის წინ მიხეილ საკაშვილმა ძალიან მნშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რომლის თანახმად, უმრავლესობა სხვა პოლიტიკურ პარტიას გადაეცემა და ის აღნიშნულ პროცესს კონსტიტუციურად შეუწყობს ხელს.

„არჩევნების შედეგები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებაა. საქართველოსთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. განსაკუთრებით, თავისუფალი ვაჭრობისა და ეკონომიკის დარგში, რადგან ამ კუთხით ქვეყანა უნდა განვითარდეს“-განაცხადა დრეიერმა.

ამასთან, კონგრესმენმა ქართველ ამომრჩეველს გამარჯვება მიულოცა, რომლებმაც კონსტიტუციური უფლებამოსილება განახორციელეს და არჩევნები დემოკრატიულად ჩაატარეს.

დევიდ დრეიერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ორივე მათგანმა განაცხადა, რომ ისინი არჩევნების შედეგებს აღიარებდნენ.

„მართლაც არჩევნების შედეგები მშვიდობიან გარემოში იქნა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული ხედვის პოლიტიკურ პარტიებს ერთად მოუწევთ მუშაობა, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ერთად გაუმკლავდნენ“ - განაცხადა დრეიერმა.

როგორც კონგრესმენმა ქეი გრეინჯერმა განაცხადა, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოსთან ურთიერთობით ამაყობს.

მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„მინდა მოგილოცოთ არჩევნების წარმატებით ჩატარება. ვამაყობ, რომ საქართველომ დემოკრატიული არჩევნები ჩაატარა. საქართველოსთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ, განსაკუთრებით ეკონომიკის დარგში და დემოკრატიის განვითარებაში“-განაცხადა ქეი გრეინჯერმა.

ამასთან, იგი მოხარულია, რომ საქართველოში კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩატარდა.


ბეჭდვა