პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და საზოგადოებას
გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„გამარჯვებას ვულოცავ ქართველ ხალხს და ბიძინა ივანიშვილს, რომლის წვლილიც განუზომელია ამ გამარჯვებაში. გამარჯვებას და ნეობოლშევიკური, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დამარცხებას ვულოცავ კოალიცია „ქართულ ოცნებას“; ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც წლების მანძილზე უკომპრომისოდ, საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის უთანასწორო ბრძოლაში“ - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ საგანგებო განცხადების გაკეთებისას.
მისი განცხადებით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეების უპრეცედენტო აქტივობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალა ნამდვილად ხალხშია.
„აღვნიშნავ თითოეული მოქალაქის წვლილს, რომლებიც არ შეშინდნენ და საკუთარი არჩევანით უარი უთხრეს მოძალადე რეჟიმს და მხარი დაუჭირეს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ცვლილებას.
სხვებთან ერთად, ეს გამარჯვება განსაკუთრებით მინდა მივულოცო 2011 წლის 26 მაისის მონაწილეებს, ვინც დარწმუნებული იყო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და სამართლიან ბრძოლას ყოველთვის გამარჯვება მოაქვს, ყველა პოლიტიკურ და უკანონო პატიმარს და დევნილს“- განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.
იგი დარწმუნებულია, რომ ახალი პარლამენტის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნული ადამიანების განთავისუფლება და რეაბილიტაცია იქნება.
ბურჯანაძის შეფასებით, წინასაარჩევნო გარემო უკიდურესად მძიმე და არადემოკრატიული იყო. არჩევნები კი, სერიოზული გაყალბებითა და ძალადობით მიმდინარეობდა.
„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო წუთამდე ყველაფერს აკეთებდა ხელისუფლებაში დასარჩენად, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა, მისი და მისი თანაგუნდელების ძალისხმევამ, ხალხის ერთსულოვნებამ, თითოეული ჩვენგანის აქტივობამ და ერთად დგომამ ეს მშვიდობიანი გამარჯვება მოიტანა“ - აღნიშნა ბურჯანამემ.
მისი შეფასებით, 2012 წლის 1 ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში ნამდვილად გარდამტეხი იყო - ქართველმა ხალხმა მთელს ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას სურს თავისუფლება და იმსახურებს მშვიდობიან, ღირსეულ ცხოვრებას საკუთარ სამშობლოში.
