პლურალიზმის ცენტრების ქსელმა არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები წარადგინა
პლურალიზმის ცენტრების ქსელმა არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევები წარადგინა
15:35 02.10.2012
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია „პლურალიზმის ცენტრების ქსელმა“ დღეს სასტუმრო „ამბასადორში“ 1 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები წარადგინა.

როგორც „პლურალიზმის ცენტრების ქსელის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საგარეჯოში, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში,  არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობა მხოლოდ 16-20% იყო. მოქალაქეთა 80% უბნებზე არ გამოცხადებულა, რასაც პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.

მათი განცხადებით, აღნიშნულ ოლქში დარღვეული იყო ხმის მიცემის ფარულობა და კაბინაში რამდენიმე მოქალაქე ერთდროულად შედიოდა.

ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, დარღვევა დაფიქსირდა ზუგდიდში, სადაც მზა ოქმები ჰქონდათ, ასევე, საარჩევნო უნების მიმდებარე ტერიტორიებზე შეინიშნებოდნენ პოლიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მოქალაქეები აღრიცხავდნენ, რომელმა მოქალაქემ ვის დაუჭირა მხარი.

„რამდენიმე შემთხვევაში, მოქალაქეები ხმის მიცემის პროცესს იღებდნენ. ამავე დროს, კომისიის წარმომადგენლებმა აკრედიტებულ ჟურნალისტებს ვიდეოგადაღების საშუალება არ მისცეს. ზოგიერთ შემთხვევაში, არ იყენებდნენ მარკირების აპარატს. სოფელ ტყვიავში ადმინისტრაციულ საზღვართან დამკვირვებელმა ჟურნალისტი სცემა. ზოგიერთმა მოქალაქემ საკუთარი თავი საარჩევნო სიაში ვერ იპოვა“ - განაცხადეს სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

მათივე თქმით, გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები არ იყვნენ.

როგორც „პლურალიზმის ცენტრების ქსელის“ წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დარღვევებს საბოლოოო ანგარიშში ასახავენ.

„პლურალიზმის ცენტრების ქსელში“ რვა ქვეყნის 80 დამკვირვებელი შედის. ისინი წინასაარჩევნო პროცესებსა და კენჭისყრის მიმდინარეობას გორის, ქარელის, საგარეჯოს, სამტრედიის, თბილისის, წყალტუბოს, წალკისა და ზუგდიდის ოლქებში აწარმოებდნენ.

„პლურალიზმის ცენტრების ქსელში“ აზერბაიჯანის, ბელორუსიის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთის, სერბეთის, შვედეთისა და აშშ-ს დელეგაციები შედიან.


ბეჭდვა