კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის ჯანმრთელი სამყაროს“ თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე აცხადებს, რომ გორის მე-9 საარჩევნო უბანზე კომისიის
თავმჯდომარის მეუღლემ შემაჯამებელი ოქმის შედგენის შემდეგ, 250 ბიულეტენი გადახია.
მისი თქმით, აღნიშნულ ბიულეტენებზე ნომერი 41 იყო შემოხაზული.
მისი თქმით, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაცია საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორინგს გორის 32-ე და ქარელის 33-ე საარჩევნო ოლქებს უწევდა.
ფუტკარაძის თქმით, დაკვირვებისას სისტემური და ცალკეული სახის დარღვევები გამოვლინდა - ყველა საარჩევნო უბანზე გადაცემული იყო ამომრჩევლის რაოდენობაზე ნაკლები ბიულეტენი; შეინიშნებოდა საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მხარდამჭერების მობილიზაცია, რაც დამატებით დაძაბულობას ქმნიდა; უბნებეზე შეინიშნებოდა არაუფლებამოსილი პირების სოფლის რწმუნებულის და გამგებლის ყოფნა; ასევე, გარკვეული ჯგუფები ამომრჩევლის აღრიცხვას ახდენდნენ, რაც ფუტკარაძის თქმით, ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ირიბ ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს.
ასევე, გამოვლინდა საარჩვენო უბნებზე კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურების დარღვევის ფაქტები - არ ჩატარდა წილისყრა ფუნქციების გადასანაწილებლად; არ შემოწმდა დალუქული პაკეტების მთლიანობა; დარღვევები იყო მარკირებასთან დაკავშირებით; დაფიქსირდა ბიულეტენები ბეჭდისა და შესაბამისი ხელმოწერის გარეშე.
როგორც ფუტკარაძე აცხადებს, ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების საქმიანობაში ხელის შეშლას და ხშირ შემთხევვაში, მათ გაძევებას, რაზეც დაიწერა საჩივრები. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ კი, უბნების უმეტესობაზე ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები დაირღვა.
როგორც ფუტკარაძე აღნიშნავს, გორის 32 საარჩევნო ოლქის #4 და #9 დაარჩევნო უბნებზე ბიულეტენების დათვლის შემდეგ შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე, დაუდგენელი პირები შეიჭრნენ და უკვე დათვლილი ბიულეტენები გაიტაცეს, რაზეც უბნების ბათილობის საკითხი განიხილება.
კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის ჯანმრთელი სამყაროს“ დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნებზე 23 საჩივარი დაიწერა, ხოლო საარჩევნო ოლქში 2 საჩივარი.
აღნიშნული ორგანიზაცია დაკვირვების პროცესს არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე გააგრძელებს.
