საგანელიძე ზუგდიდში არჩევნების შედეგების გაუქმებას არ გამორიცხავს
საგანელიძე ზუგდიდში არჩევნების შედეგების გაუქმებას არ გამორიცხავს
14:37 02.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის განცხადებით, არსებობს დარღვევების ამსახველი ისეთი ფოტო და ვიდეო  მასალა, რომლის საფუძველზე, შესაძლოა, ზუგდიდში არჩევნების შედეგები ბათილად გამოცხადდეს.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ზუგდიდში ირაკლი ალასანიას უზარმაზარი მხარდაჭერა ჰქონდა. მისი თქმით, კოალიციას ჯერ არ აქვს ის ოქმები, რომელიც გასაჩივრდა, შესაბამისად, მისთვის უცნობია, რომელი უბნები გაუქმდა.

„არსებობს ფოტო და ვიდეო მასალა, რომელსაც ჩვენი იურისტები ეცნობიან. შესაძლოა, ამ დარღვევებმა გამოიწვიოს არჩევნების ჩაშლა მთლიანად ზუგდიდში და არა მხოლოდ რომელიმე უბნის შედეგების გაუქმება“-განაცხადა საგანელიძემ და აღნიშნა, რომ მისთვის დაუჯერებელია ალასანიას მიერ ზუგდიდში როლანდ ახალაიას წინააღმდეგ არჩევნების წაგება.

მისი თქმით, ზუგდიდის ოლქი, ისევე როგორც სამტრედია და ხაშური, ხელისუფლების სამიზნე იყო, შესაბამისად, სწორედ ამიტომაა ასეთი შედეგები.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას ზუგდიდში მხარი ამომრჩეველთა 37,26%-მა დაუჭირა, მის კონკურენტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ როლანდ ახალაიას კი, ხმების 55,09 % ერგო.

ბეჭდვა