საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის
დღე, მიუხედავად გარკვეული პროცედურული დარღვევებისა, ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
ჩუგოშვილის განცხადებით, გამონაკლისი იყო ხაშურის 35-ე ოლქი, სადაც რამდენიმე უბანზე ხმის დათვლის პროცესში სპეციალური დანიშნულების რაზმი ჩაერია.
როგორც ჩუგოშვილი აცხადებს, პროცედურული დარღვევები ძირითადად კენჭისყრის პროცესის დროს ფიქსირდებოდა.
„ეს დარღვევები იყო მარკირების პროცედურის გაუმართაობა. სხვის ნაცვლად არჩევნებში მონაწილეობა, საარჩევნო სიებში არსებული უზუსტობები. განსაკუთრებულად კი, საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა არყოფნა საარჩევნო სიაში, კენჭისყრის უბნებზე ვიდეო გადაღების უკანონო შეზღუდვა“ - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
ასევე, მისი თქმით, რამდენიმე შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების უკანონოდ გამოძევებას უბნიდან, სამოქალაქო პირთა რეგისტრირებას სპეციალურ უბნებზე და სხვა პროცედურულ დარღვევებს.
როგორც ჩუგოშვილმა განაცხადა, საია-ს დამკვირვებლებმა სულ, 147 შენიშვნა დააფიქსირეს.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი მიმდინარეობს
როგორც საია-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, ამჟამად მნიშვნელოვანია, რომ ცენრალურმა საარჩევნო კომისიამ შემაჯამებელი ოქმები ვებ-გვერდზე ოპერატიულად ატვირთოს.
მისი შეფასებით, ამ დრომდე აღნიშნული პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს, თუმცა, მაქსიმალური გამჭვირვალობისა და მანიპულაციებისგან დაცვისთვის მნიშვნელოვანია შეჯამებული ოლქების შედეგები ოპერატიულად გამოქვეყნდეს ვებ-გვერდზე.
საია არჩევნების მიმდინარეობას თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა, ასევე, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე - ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და უნგრეთში.
