ხაშურისა და გორის რამდენიმე უბანზე არჩევნების შედეგები შესაძლოა, გაუქმდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა განუცხადა.
მან აღნიშნულ ოლქებში ინციდენტების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ გამორიცხული არ არის დასახელებულ უბნებზე არჩევნების შედეგები გაუქმდეს.
მისი თქმით, ცესკო შესაძლო ინციდენტების შესახებ ინფორმაციას უკვე აგროვებს, იმსჯელებს და კონკრეტულ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.
„ხაშურის მსგავსი მდგომარეობაა ერთ-ორ უბანზე გორში. ამ ყველაფერში დღის განმავლობაში გავერკვევით. დილიდან უკვე ყველა ინფორმაციას ვაგროვებთ და ამის შესახებ ცესკო იმსჯელებს და ყველაფერს გაცნობებთ” - განაცხადა ხარატიშვილმა.
მისივე ცნობით, ასევე, დაბლოკილია ცესკო-ს მთავარი საიტი და მხოლოდ ერთი ვებ-გვერდი მუშაობს.
როგორც ხარატიშვილმა აღნიშნა, საინტერესოა ის ფაქტი, რომ შეტევები საიტზე ადგილობრვი IP მისამართებიდან ხორციელდება.
