ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი ამომრჩევლებს, დამკვირვებლებს, პოლიტიკური სუბიექტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მოუწოდებს ხმების წყნარ და მშვიდ ვითარებაში დათვლისთვის ერთმანეთს ხელი მაქსიმალურად შეუწყონ.
როგორც ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადა, არჩევნებმა უპრეცედენტოდ კონკურენტულ გარემოში გამჭვირვალედ ჩაიარა.
„ის შედეგი, რომელიც დადგა, სამართლიანად პასუხობს ამომრჩევლის განწყობას. ქართველმა ამომრჩეველმა დაიმსახურა კარგი არჩევნები“-განაცხადა ხარატიშვილმა.
მისი თქმით, საარჩევნო უბნებზე აბსოლუტური უმრავლესობის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ხმა მისცა 2 მლნ 197 ათასმა ამომრჩეველმა, რაც 61%-ს შეადგენს. აღნიშნულ მონაცემს დაემატება რამდენიმე უბნის მონაცემები.
როგორც ხარატიშვილმა განაცხადა, ხმის მიცემის პროცესის დროს რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა, მთლიანობაში არჩევნები მშვიდად ჩატარდა და ის იმედოვნებს, რომ ხმების დათვლის პროცესიც ასევე მშვიდად ჩაივლის.
როგორც ხარატიშვილმა განაცხადა, კომისიაში უკვე დაიწყო საარჩევნო უბნებიდან ოქმების შესვლა. პროცესი უფრო ინტენსიური 24:00 საათის შემდეგ გახდება და არჩევნების ძირითადი ტენდენციები 03.00-04.00 საათისთვის გამოკვეთება.
გარდა ამისა, აჭარის ავტონომიური რესუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც უმაღლესი საბჭოს არჩევნები ჩატარდა, დამატებით ორი ბიულეტენის შედეგები დაითვლება.
ოქმების ქსეროასლები განთავსდება ცესკო-ს შენობაში კედელზე და ასევე, ძირითად სერვერზე საიდანაც, ტელევიზიები მონაცემებს პირდაპირ მიიღებენ.
ცესკო-ს თავმჯდომარე პირობას დებს, რომ ნებისმიერი საჩივარი ყურადღებით განიხილება.
