კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს,
რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძალიან კარგი განცხადება გააკეთა, როცა არჩევნების პროპორციული სიით წაგება აღიარა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მე-9 არხის“ ეთერში განაცხადა, ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება სახის შენარჩუნებას ახერხებს.
„ახლა მემგონი მეორე ნაწილშიც გამოვლენ, რომელიც მაჟორიტარებს შეეხება. ამასაცმოახერხებენ და ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნებენ სახეს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ ყველა ქართველს ჩვენს ქვეყანაში ეცხოვრებოდეს და ყველას შესაფერისი ადგილი ჰქონდეს.
ამასთან, ივანიშვილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველა რეგიონს, გარდა სამცხე-ჯავახეთისა, საკმაოდ დიდი უპირატესობით იგებს.
„შესაბამისად, პარლამენტში 60-65 მაჟორიტარი კანდიდატი შეიძლება გავიყვანოთ და წინასწარი მონაცემებით, პარლამენტში 110-120 ადგილი ავიღოთ“ - აღნიშნა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ლიდერი მოქალაქეებს მოუწოდებს, ცესკო-ს შედეგებს მოთმინებით დაელოდონ.
