უცხოელი დამკვირვებლები არჩევნების ორგანიზებას დადებითად აფასებენ
უცხოელი დამკვირვებლები არჩევნების ორგანიზებას დადებითად აფასებენ
22:54 01.10.2012
არჩევნების ორგანიზების დონეს დადებითად აფასებენ ცესკო-ში მისული სხვადასხვა უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

როგორც ევროპარლამენტის დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენელმა ინდრეკ ტარანდიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ხმის მიცემის პროცესი გამჭვირვალობისა და გახსნილობის პირობებში წარიმართა.

მისი თქმით, როგორც ამომრჩეველის, ისე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან იყო განწყობა და სურვილი ემოქმედათ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად.

ლიტვის ცესკო-ს წევრი იულიუს იასატისი მაღალ დონეზე აფასებს ამომრჩევლის აქტივობას და არჩევნებისადმი მიდგომას.

„ჩემი შეფასებით აქტივობა საქართველოში 60%-ს უნდა აჭარბებდეს, რაც ლიტვისთვის ძალიან კარგი მაჩვენებელია, რადგან ლიტვის ამომრჩეველს მცირედით იმედგაცრუება აქვს არჩევნებისადმი. მე ვნახე, როგორ იდგა ხალხი რიგებში საარჩევნო უბანზე და მოთმინებით ელოდა თავის რიგს, რაც ლიტვაში არ მოხდებოდა” - განაცხადა იასაიტისმა.

მისი თქმით, თბილისის იმ უბნებზე, სადაც ის იმყოფებოდა, დარღვევები არ დაუფიქსირებია.

უკრაინის ცესკო-ს თავმჯდომარე ვლადიმერ შაპოვალი აცხადებს, რომ არჩევნები ევროპული სტანდარტებით იყო ორგანიზებული.

ბეჭდვა