კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ წევრებს გამარჯვებაში ეჭვი არასოდეს შეპარვიათ.
როგორც მან ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად ეგზიტპოლებში ლიდერობისა, მომავალი საათები და ხმების დათვლის პროცესი გადამწყვეტია.
„ეს არის არაჩვეულებრივი შედეგი, რომელსაც მოსახლეობიდან არსებული მხარდაჭერის ფონზე ველოდით. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ერთწლის შრომა მსგავსი დიდი წარმატებით დაგვირგვინდა“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.
მისივე თქმით, ახლა საზოგადოება არ უნდა მოდუნდეს, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ გეგმავს „რაღაც-რაღაცეებს“.
„ამ ზეიმის ფონზე მხარდამჭერებსა და კომისიის წევრებს მივმართავ, ასევე მათ, ვინც უბნებზე იმყოფება, ახლა გადამწყვეტია ის საათები, სანამ უბნებიდან გამოვა ოქმები. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება ჩვენი გამარჯვება“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ მომდევნო საათების განმავლობაში, საზეიმო განწყობა იქნება, მაგრამ არავინ უნდა დაივწყოს, რომ ეს ხმები დასაცავია.
მისივე თქმით, ახლა მხოლოდ სიფრთხილე, გონიერება და სიმშვიდეა საჭირო, რომ დღევანდელი დღე ძალიან წყნარად დასრულდეს.
