„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ მოძრაობა 7%-იან ბარიერს გადალახავს.
როგორც ვეფხვაძემ განაცხადა, მადლიერია იმ ამომრჩევლის, ვინც მოძრაობას მხარი დაუჭირა.
მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატების“ ამომრჩევლის აქტივობა გაცილებით მეტი იყო დღის მეორე ნახევარში, ვიდრე პირველში.
„გარდა ამისა, აღნიშნულ რიცხვებსაც აქვს ცდომილება. დარწმუნებული ვარ, რომ 7%-ს გადავლახავთ და პარლამენტში ძალიან მნიშვნელოვანი - „ქრისტიან-დემოკრატიული ფრაქცია“ იქნება წარმოდგენილი“ - განაცხადა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, მთავარია, რომ საქართველოს პარლამენტში სამი პოლიტიკური სუბიექტი იქნება, რომელთაც ახალი რეალობის შეგუება და ერთმანეთთან თანამშრომლობა მოუწევთ.
ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება ის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც აქამდე საქართველოს ისტორიაში იყო.
„ვფიქრობ, რომ სრულიად ახალი პარლამენტი გვექნება, სადაც პოლიტიკური ძალების ახალი პოლიტიკური კულტურა - კონსტრუქციული თანამშრომლობა იქნება აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული პოლიტიკა ჩიხში შევა, ამიტომ ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ უნდა ვითანამშრომლოთ“ - განაცხადა ვეფხვაძემ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საბოლოო ეგზიტპოლის თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 50%, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 41%, „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ კი - 5% მიიღო.
