„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ეგზიტპოლების მონაცემებით შეიძლება ითქვას, რომ პროპორციული
სისტემით არჩევნებში უპირატესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა.
თუმცა, მისივე თქმით, მაჟორიტარული ოლქების უმეტს ნაწილში არჩევნებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იგებს.
ამის შესახებ მან „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის შტაბში ეგზიტპოლების წინასწარი შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე მსჯელობა მხოლოდ იმ ტენდენციებზე შეიძლება, რაც ეგზიტპოლმა აჩვენა.
„შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული მონაცემებით, პროპორციული სიით არჩევნებში უპირატესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს. რაც შეეხება მაჟორიტარებს, ჩვენი ინფორმაციით, საარჩევნო ოლქების უმეტეს ნაწილში ვიგებთ. შესაბამისად, ჩვენ უნდა დაველოდოთ წყნარად და მშვიდად შედეგების დათვლას“ - განაცხადა გაბაშვილმა.
მისივე თქმით, სწორედ ამის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ არჩევნები ნამდვილად დემოკრატიულად ჩატარდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების პირველადი მონაცემებით, პროპორციული სიით 35% აქვს „ქართულ ოცნებას“, 30% „ერთიან ნაციონალურ“ მოძრაობას., 32%-მა კი - საკუთარი არჩევანის გამჟავნებისგან თავი შეიკავა.
