კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეო უსაფრთხოების სტრატეგია უცვლელი დარჩება.
როგორც მან აღნიშნა, კოალიცია განუხრელად გააგრძელებს სვლას ევროატლანტიკური სივრცისკენ და აუცილებლად გახდება ევროპისა და ნატო-ს ღირსეული წევრი.
„მადლობა მინდა გადავუხადო ყველაზე დიდ ძალას, საქართველოს მოქალაქეებს, ქართველ ხალხს, ვინც აჩვენა როგორი ღირსეულები ვართ. ქართველი ხალხი ჭეშმარიტად იმსახურებს დემოკრატიულ სახელმწიფოს. თქვენ ჭეშმარიტად იმსახურებთ ჩადგეთ განვითარებული ქვეყნების რიგში და ღირსეული ადგილი დაიჭიროთ“ - განუცხადა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისის ეზოში შეკრებილებს.
მან თანადგომისთვის მადლობა თავისი გუნდის წევრებსაც გადაუხადა და განაცხადა, რომ კოალიციასა და საზოგადოებას წინ დიდი შრომა ელის.
„მე შევძელი ის მეთქვა, რასაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი გულში - მე უზომოდ მიყვარს ჩემი ხალხი და მისი შემობრუნება მაშინ მოვახერხე, როდესაც საკუთარი გრძნობები ვაჩვენე მათ. დაიწყო ოზურგეთიდან, შემდეგ რაჭა-ლეჩხუმი მოვიარე, საოცარი საღამო მქონდა ცაგერში და რაჭაში მთლიანად ჩემი გული ვაჩვენე ხალხს, რასაც ძალიან განვიცდიდი. ეს არ იყო იოლი და მე ეს პირველად მოვახერხე მაღალი რაჭიდან“ - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სანაცვლოდ, ხალხისგან დიდი სიყვარული და მხარდაჭერა მიიღო.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ღირსეულად მოექცევა ოპონენტებს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა მოქალაქეს ღირსეულად ეცხოვრებოდეს საქართველოში
„ამ სიტყვებმა - „რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია“ ჭეშმარიტად იმუშავა და სიყვარულმა გაგვამარჯვებინა ჩვენ დღეს. მხოლოდ სიყვარულით და ძმობით დავიბრუნებთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ვიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას და ღირსებას“ -განაცხადა ივანიშვილმა.
