ივანიშვილის აზრით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში, მინიმუმ, 100 მანდატს მიიღებს
ივანიშვილის აზრით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში, მინიმუმ, 100 მანდატს მიიღებს
21:24 01.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში არაკლებ 100 ადგილს მიიღებს.

როგორც მან ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ მიუხედავად დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდისა, სიტუაციის კარგად ორგანიზება მოახერხა და საქართველოს ისტორიაში პირველად დღეს შედეგიც მიიღო.

„ქართველმა ხალხმა მოახერხა, რომ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ისე მოქცეულიყო, როგოც ეს ქართველებს შეეფერება. იყო ძალადობა, სიცრუე, მაგრამ უნდა მოვახერხოთ და გავერთიანდეთ, დავივიწყოთ ყოველგვარი განაწყენება და ერთიანი საქართველო ავაშენოთ“-განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, ვისაც აქამდე ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანია, გააერთიანოს მთელი ქვეყანა, რათა საქართველოში არ მოხდეს ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა.

„ჩვენ აღვადგენთ სამართლიანობას, მედიასა და პოლიციას დავუბრუნებთ ღირსებას. აუცილებლად პატივს ვცემთ ოპონენტებს და განსხვავებული აზრის დევნა საქართველოში აღარ იქნება“-განაცხადა ივანიშვილმა.

ბეჭდვა