საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პროპორციულ სისტემაში „ქართული ოცნების“ ძირითადი უპირატესობა იმ ხმებს ეფუძნება, რომელიც კოალიციამ
საქართველოს დედაქალაქში დიდი უპირატესობით აიღო.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პარლამენტში მანდატების ნახევარზე ოდნავ მეტი პროპორციულ სისტემაზე და თითქმის, ნახევარი მაჟორიტარ ოლქებზე მოდის.
მისი თქმით, ეს იმისთვისაა გაკეთებული, რომ თავის ისტორიულ საზღვრებში საქართველოს ყველა მოქალაქის ხმა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში ისმოდეს.
„ამგვარად, ახლა ვიღებთ იმ სურათს, როდესაც საბოლოოდ ხმები უნდა დაითვალოს და გაირკვეს ვის ექნება პარლამენტში უმრავლესობა, მაგრამ დღევანდელი სურათით სრულიად ნათელია, რომ ყველა შემთხვევაში არჩევნები შედგა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრებმა თავისი ადგილები უნდა დაიკავონ და დემოკრატიულ პროცესში ჩაერთონ.
„როცა არჩევნების შედეგებს ვუყურებთ, პროპორციულ ხმებში „ქართული ოცნების“ ძირითადი უპირატესობა ეფუძნება იმ ხმებს, რომელიც ამ კოალიციამ დიდი უპირატესობით საქართველოს დედაქალაქში თბილისში აიღო. თბილისის გარეთ პრაქტიკულად ყველა რეგიონში ასევე, სერიოზული უპირატესობით „ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერობს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანას თბილისსა და რეგიონებად ვყოფთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა ერთმანეთის გვერდით უნდა დადგეს და არსებული დემოკრატიის ფარგლებში ერთად მუშაობა შეძლოს, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია დაძაბული, ემოციური და ხშირად ბინძურიც იყო.
„ეს ყველაფერი ახლა უკან უნდა დარჩეს. ახალ პარლამენტში და საქართველოს ახალ მთავრობაში საქართველოს ყველა რეგიონის, ყველა მოქალაქის ინტერესების წარდგენა უნდა შევძლოთ. მე, როგორც პრეზიდენტი გარანტი ვარ იმისა, რომ ამ პარლამენტიდან ახალ პარლამენტში გადასვლა უმტკივნეულოდ, კონსტიტუციის ფარგლებში მოხდება“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ახალი პარლამენტი უახლოესი თვეების განმავლობაში ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებს.
