კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის სოზარ სუბარის თქმით, 73 მაჟორიტარიული ოლქიდან „ქართული ოცნება“ მინიმუმ 50 მაჟორიტარით იმარჯვებს.
მისი თქმით, იგი მთელი დღის განმავლობაში ყველა რაიონს აკონტროლებდა და იქ არსებული მონაცემების შესახებ ინფორმაცია აქვს.
„მთელი დღის განმავლობაში ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, ვაკონტროლებდი ყველა რაიონს, ყველა მონაცემს და გამოკითხვას ვაწარმოებდით ეგზიტპოლების პარალელურად და ვხედავდით აქტივობას. მიხეილ სააკაშვილი 1 საათის წინ ამასაც არ აღიარებდა, მაგრამ ყველამ დავინახეთ, რაც მოხდა“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ სუბარმა და დასძინა, რომ თუ კიდევ ვინმეს შერჩენია გაყალბების სურვილი, ურჩევს, რომ ეს არ გააკეთოს.
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეგზიტპოლის ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, პროპორციული წესით უპირატესობა „ქართულ ოცნებას“ აქვს, ხოლო მაჟორიტარულით - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.
