ბოლო საათების განმავლობაში საია-ს დამკვირვებლებმა კიდევ რამდენიმე დარღვევა დააფიქსირეს
ბოლო საათების განმავლობაში საია-ს დამკვირვებლებმა კიდევ რამდენიმე დარღვევა დააფიქსირეს
19:43 01.10.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კვლავაც მობილიზებული  იყვნენ პირები, რომლებიც ადგილზე ამომრჩევლის აღრიცხვას აწარმოებენ.

საია-ს წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს წარმოადგენს და მიზანშეწონილი არ არის.

მათი თქმით, ბოლო საათების განმავლობაში, საია-ს დამკვირვებლების მიერ კიდევ რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა.

კერძოდ, ხუთ შემთხვევაში უბანზე მისულ ამომრჩეველს მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერა დახვდა. მსგავსი შემთხვევები ბათუმში #23 და #58 საარჩევნო უბნებზე და საბურთალოს #21 საარჩევნო უბანზეც ფიქსირდება.

საია-ს ცნობით, რამდენიმე უბანზე კვლავაც პრობლემად რჩება მარკირების პროცედურის წარმართვა. მარკირების სითხის უხარისხობის გამო, შესაბამისი კვალი არ რჩება.

„არაერთ უბანზე ვიდეო გადაღების დროს უკანონო აკრძალვები ფიქსირდება. განსაკუთრებით აღსანიშნავია საგარეჯოს ოლქი. ოპერატორებს კომისიის წევრები მხოლოდ საარჩევნო ყუთის გადაღებას სთხოვენ“ - აცხადებენ საია-ს წარმომადგენლები.

მათივე თქმით, საია-ს დამკვირვებელი მარნეულის #50 უბნიდან უკანონოდ გამოაძევეს მაშინ, როდესაც მან საჩივრის დაწერა გადაწყვიტა.
როგორც საის-ს წარმომადგენლები აცხადებენ, გორის #111 უბანსა და გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულ #115 უბანზე რეგისტრირებული არიან არა მხოლოდ სამხედრო ძალები და თავისუფლებააღკვეთილი პირები, არამედ აღნიშნულ დაწესებულებებში მოსამსახურე სამოქალაქო პირები, რომლებიც არჩევნებში როგორც პროპორციული, ასევე, მაჟორიტარული სისტემით მონაწილეობენ.

მათივე თქმით, საგარეჯოში, იორმუღანლოში ხშირია უბანზე აგიტაციის შემთხვევები. მათ შორის, ბიულეტენის დემონსტრაციულად შემოხაზვა, რაზეც კომისიის მხრიდან კანონით გათვალისწინებული რეაგირება არ ხდება. ასევე, საგარეჯოს #45 უბანზე აგიტაციას ეწეოდა კომისიის თავმჯდომარე.

„გერმანიაში გახსნილ საარჩევნო უბანზე საარჩევნო სიებში რამდენიმე ამომრჩეველი არ აღმოჩნდა, რომელიც საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდა. აშშ-ში, ნიუ-იორკში თითქმის 2 საათით გვიანდება უბნის გახსნა. ამომრჩეველი დიდი რაოდენობით არის მობილიზებული, თუმცა, მათ ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ეძლევათ“ - აცხადებენ საია-ში.

მათივე თქმით, კომისიის წევრები დამკვირვებლებს უბანზე შესვლის შესაძლებლობას იმ მოტივით არ აძლევენ, რომ მათ შესაბამისი ფორმით დამოწმებული მოწმობები არ წარადგინეს.

საია კენჭისყრის დღის დაკვირვებას განაგრძობს და მორიგ პრესკონფერენციას 21:00 საათზე გამართავს.

ბეჭდვა