მაია ფანჯიკიძის შეფასებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
მაია ფანჯიკიძის შეფასებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს
18:06 01.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის შფასებით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც მან „ქართული ოცნების“ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიუხედავად დარღვევებისა, პროცესი მშვიდობიანად მიმდინარობს, ხოლო ამაში დიდი წვლილი კოალიციის მხარდამჭერებს მიუძღვით.

„მიუხედავად იმისა, რომ დარღვევები არის, მე მაინც ამ პროცესს შევაფასებდი, როგორც მშვიდს და რაც მთავარია, ძალიან კარგად გაკონტროლებულს ჩვენი მხრიდან. ამ სიმშვიდეში ვხედავ ოპოზიციის, ჩვენი მომხრეების, მხარდამჭერების, კომისიის წევრების ძალიან დიდ წვლილს. გასული 4 თვის განმავლობაში ჩვენმა ამომრჩეველმა აჩვენა, რომ არის მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე, თავშეკავებული და გააზრებული. უმეტესწილად მათ დამსახურებად მივიჩნევ იმ მშვიდ ვითარებას, რომელიც ახლავს თან ამ პროცესს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ და იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების დასრულებამდე დარჩენილი რამდენიმე სააათიც ასეთივე მშვიდობიანად ჩაივლის.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არჩევნების პროცესის კონტროლის ძალიან ბევრი მექანიზმი აქვს და დარღვევების შესახებ ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს.

ამასთან, ფანჯიკიძე იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების სიმრავლე „ნაციონალურ მოძრაობას“ სერიოზული დარღვევებისა და ექსცესებისაგან თავს შეაკავებინებს.

ბეჭდვა