ფანჯიკიძე - დუისში #5 საარჩევნო უბნის შენობაში შსს-ს მონაცემთა დახურული ბაზიდან ამოღებული დოკუმენტები იპოვეს
ფანჯიკიძე - დუისში #5 საარჩევნო უბნის შენობაში შსს-ს მონაცემთა დახურული ბაზიდან ამოღებული დოკუმენტები იპოვეს
17:39 01.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პანკისის ხეობის სოფელ დუისში #5 საარჩევნო უბანზე საეჭვო ფაქტი დაფიქსირდა.

როგორც მან კოალიციის მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კენჭისყრის შენობაში შსს-ს ელექტრონულ მონაცემთა დახურული ბაზიდან ამოღებული დოკუმენტები იპოვეს.

მისი თქმით, დოკუმენტები, სადაც ამომრჩევლის შესახებ სრული ინფორმაციაა მოცემული, საარჩევნო უბანზე მყოფ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს შალვა თათიაშვილს და კომისიის ერთ-ერთ წევრს ჰქონდა.

ფანჯიკიძის თქმით, მას შემდეგ რაც ჟურნალისტებმა ამ დოკუმენტების გადაღება მოახერხეს, უბანზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე წარმომადგენელმა, დუისის რწმუნებულმა მერაბ ქავთარაშვილმა ჟურნალისტები აღნიშნული დოკუმენტების პროვოკაციის მიზნით შენობაში მიტანაში დაადანაშაულა.

„შსს-ს ყოფილი თანამშრომელი ზურაბ უძილაური ადასტურებს, რომ აღნიშნული დოკუმენტაცია შსს-ს ელექტრონული ბაზიდანაა ამოღებული და იგი ხელმისაწვდომია მხოლოდ შსს-სთვის“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი ჩუღურეთში, კონსტიტუციის ქუჩაზე მდებრე 4-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა.
ფანჯიკიძის განმარტებით, ხმის მისაცემად შესული ამომრჩეველი უბანს სხვა გასასვლელით ტოვებდა, რომელიც ეზოში გადის და უმწეოთა სასადილოს ესაზღვრება.

„ინფო 9“-ის გადამღებმა ჯგუფმა სცადა მათი კვალის გაყოლა და იქ აღმოაჩინა ათეულობით მუყაოს ყუთი. ჟურნალისტმა მოითხოვა ყუთის გახსნა, რაზეც უარი მიიღო. დაფიქსირებულია ავტომობილიც, რომელსაც ეს ყუთები გაურკვეველი მიმართულებით გადაჰქონდა“ - აღნიშნა მან.

ბეჭდვა