ორგანიზაციამ „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ არჩევნებზე დარღვევები დააფიქსირა
ორგანიზაციამ „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ არჩევნებზე დარღვევები დააფიქსირა
16:06 01.10.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა-ახალი ინციატივას“ აღმასრულებელი დირექტორის ქეთევან ჩაჩავას განმარტებით, საპარლამენტო არჩევნები ამ  ეტაპზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, პროცედურული დარღვევები ფიქსირდება.

როგორც ჩაჩავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, პრობლემებია გადასატან ყუთთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძირითადად, სიებში არ არიან მოქალაქეები, რომლებიც გადასატანი ყუთის საშუალებით აძლევენ ხმას, ასევე, გადასატან ყუთებთან ერთად არ გადააქვთ მარკირების სითხე.

მისივე განცხადებით, დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, სადაც გადასატანი ყუთი ლუქის გარეშე იყო დაბრუნებული. ასევე, საბურთალოს 39-ე ოლქში, სადაც რეგისტრატორმა მეტი ბიულეტენი გასცა და დაფიქსირებული არ იყო ამომრჩევლის ხელმოწერა.

როგორც ჩაჩავამ განმარტა, დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც საჩივრების ოქმი დაგვიანებით ივსება.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით მთელი საქართველოს მასშტაბით 20 საჩივარია დაწერილი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“ არჩევნების მონიტორინგს საქართველოს 73-ვე ოლქში, 1 200 დამკვირვებლით ახორციელებს. ორგანიზაცია ხმების პარალელურ დათვლასაც აწარმოებს.

ბეჭდვა