უწყებათაშორისი კომისიის შეფასებით, მთლიანობაში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
პირველი ბრიფინგი კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა გამართა.
როგორც კინწურაშვილმა აღნიშნა, კომისიაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, სადაც საარჩევნო პროცესზე დარღვევებთან დაკავშირებით შეტყობინებები როგორც პოლიტიკური სუბიექტების, ასევე, რიგითი მოქალაქეების მხრიდან შედის.
მან ხაზი გაუსვა ბიულეტენების რაოდენობასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს და განმარტა, რომ ყველა უბანში საკმარისი რაოდენობით ბიულეტენია. მისივე თქმით, კონკრეტულ უბანზე საარჩევნო სიაში რეგისტრირებულ მოქალაქეებსა და ბიულეტენებს შორის განსხვავება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სიაში რეგისტრირებული მოქალაქეების ნაწილი ხმას სპეცუბნებზე აძლევს ან უცხოეთში იმყოფება.
მისივე თქმით, საარჩევნო დარღვევები გამოიკვეთა საჩხერეშიც, სადაც ბეჭდების აღრევა მოხდა, თუმცა, ეს პრობლემა ამ დროისთვის უკვე მოგვარდა. კინწურაშვილის განმარტებით, იმ უბნების საკითხზე, სადაც მსგავსი დარღვევა კვლავაც ფიქსირდება, ცესკო იმსჯელებს.
უწყებათაშორისი კომისიის წარმომადგენელმა კომენტარი, ასევე, უბნებზე დამკვირვებლების შესვლასთან დაკავშირებულ პრობლემაზე გააკეთა. მისი თქმით, დღევანდელ არჩევნებს დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა - 1 641 საერთაშორისო და 62 115 ადგილობრივი მონიტორი აკვირდება.
„იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც არ მიეცათ არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა, ცესკო-ში არ წარუდგენიათ ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ, რაც კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნაა“-აღნიშნა კინწურაშვილმა.
მისივე თქმით, კომისიის ცხელ ხაზზე ასევე, შევიდა ინფორმაცია მაჟორიტარი დეპუტატობის ზოგიერთი კანდიდატის მხრიდან საარჩევნო უბანზე შესვლის მცდელობის შესახებ, რისი უფლებაც მათ კანონდებლობით არ აქვთ.
