„ქართული ოცნების“ ორი წევრი კატასტროფის ცენტრმა გურჯაანის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანა
„ქართული ოცნების“ ორი წევრი კატასტროფის ცენტრმა გურჯაანის კლინიკიდან თბილისში გადაიყვანა
13:32 01.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ორი წევრი კატასტროფის მედიცინის მანქანით დღეს გამთენიისას გურჯაანის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში გადაიყვანეს. ამის  შესახებ „ქართული ოცნების“ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, გურჯაანის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ დაშავებულებს თბილისში გადაყვანამდე პატარა ნაკაწრები ჰქონდათ.

პრესსპიკერის განცხადებით, გურჯაანის შტაბის წევრები ინგა ბერიაშვილი და შოთა ჯოხაძე გუშინ გვიან ღამით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სოფელ ახაშენთან სცემეს, რის შედეგადაც მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანებს მიიღეს.

როგორც პრესსპიკერმა აღნიშნა, ისინი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მაშინ სცემეს, როდესაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს კენჭისყრის დღისთვის ბეიჯებს ურიგებდნენ.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ 30-ზე მეტი თავდამსხმელი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ხელკეტებს ურტყამდა. დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება გურჯაანის სამედიცინო ცენტრში გაუწიეს.

კოალიციის პრესსპიკერი ამომრჩევლებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს და თხოვნით მიმართავს, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ „ქართულ ოცნებას“.

„მოვუწოდებ ამომრჩეველს სიმშვიდისკენ, არ წამოეგონ პროვოკაციაზე და ყველა დარღვევის შესახებ „ქართული ოცნების“ კომისიის წევრებს აცნობონ. ჩვენი მხრიდან ყველა პირობაა შექმნილი, რომ არჩევნები არ გაყალბდეს. ჩვენს ინტერესშია არჩვენების ნორმალურ ვითარებაში ჩატარება“ - განაცხადა მან.

ბეჭდვა