კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, დედოფლისწყაროში, სოფელ სამრეკლოში 21-ე უბანზე საარჩევნო პროცესი დარღვევებით
მიმდინარეობს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები საარჩევნო აგიტაციას ეწევიან - უბანზე შეაქვთ სარეკლამო ბუკლეტები, ასევე გადიან უბნის გარე პერიმეტრზე და თავისი ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე შეჰყავთ.
მისივე ინფორმაციით, სოფელ ხორნაბუჯში 22-ე უბანზე დგას ე.წ ფურგონი, სანომრე ნიშნით RAQ- 249, რომელშიც სამი ქალბატონი ზის და ამომრჩევლებს ბიულეტენებს ურიგებს.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ დარღვევებია დედოფლისწყაროს მე-19-ე უბანზეც, სადაც ამომრჩევლის დაშინებას აქვს ადგილი. კოალიციის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები მოქალაქეებს ბიულეტენზე შემოხაზული ხუთიანის ჩვენებას აიძულებენ.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დარღვევები სოფელ საბათლოში მე-18-ე უბანზეც დაფიქსირდა, სადაც ელექტორატს ავალდებულებენ ბიულეტენზე შემოხაზული ნომრები კომისიას აჩვენონ.
