ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, 10.00 საათისთვის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის
აქტივობამ 10.3% შეადგინა. ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა შემთხვევა დაფიქსირდა, კერძოდ, საჩხერის 25-ე და 53-ე საარჩევნო უბნებზე სარეგისტრაციო ბეჭედი ერთიდაიგივე - 25-ე ნომრით მივიდა, რაც აზარაშვილის თქმით, ბეჭდის დამზადებისას დაშვებული შეცდომაა. აღნიშნული ფაქტი ოფიციალურად დაფიქსირდა და კენჭისყრა ორივე უბანზე ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, კომისია მომხდარზე იმსჯელებს და თუ ეს ფაქტი არჩევნების შედეგებზე რაიმე გავლენას იქონიებს, ცესკო შესაბამის გადაწყვტილებას მიიღებს.
გარდა ამის, მისი თქმით, რუსთავის #16 უბნის თავმჯდომარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის მოვალეობას მისი მოადგილე ასრულებს.
ასევე, ცნობილია, რომ მარტვილის #3 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სია გაიტაცეს. ფაქტზე პოლიცია მოკვლევას აწარმოებს. ცესკო-ს ინფორმაციით, გადასატანი ყუთის სია უკვე დაბრუნებულია.
