მცხეთაში ამომრჩეველმა კაბინაში ბიულეტენებს ფოტო გადაუღო
მცხეთაში ამომრჩეველმა კაბინაში ბიულეტენებს ფოტო გადაუღო
11:25 01.10.2012
მცხეთის 27-ე საარჩევნო ოლქში, მე-5 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა თემურ მარტოლეკმა თავის საარჩევნო ბიულეტენებს ფოტო  გადაუღო. ამის შესახებ ინფორმაციას „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ფოტოკამერის ხმის გაგონებისთანავე დამკვირვებლებმა, მათ შორის „ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა“ და კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ ყიფშიძემ ეს ფაქტი დააფიქსირეს. ამის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიამ თემურ მარტოლეკის ბიულეტენები გააბათილა და აღმოჩნდა, რომ მას ორივეში „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ნომერი - ხუთიანი ჰქონდა შემოხაზული.

შემთხვევის შემდეგ ყიფშიძემ უბანზე მყოფ ამომრჩევლებს ხმამაღლა მოუწოდა, კაბინაში არ გადაეღოთ ფოტო ბიულეტენებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ხმა გაბათილდებოდა.

დამკვირვებელთა შეკითხვაზე, თუ რატომ გადაუღო ფოტო ბიულეტენს, ამომრჩეველმა თემურ მარტოლეკმა გაიცინა და თქვა, რომ უნდოდა, თავისი არჩევანი ისტორიისთვის შემოენახა.


ბეჭდვა